თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. ამის შესახებ მან პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, "დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ".
"ისრაელო, ჩვენი მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოგაცხადებთ. ახლა ამისთვის ვემზადებით. ახლა დასავლეთზე ვლაპარაკობ. დასავლეთს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს იმ ხოცვა-ჟლეტაზე, რაც ღაზაში მოხდა", - თქვა ერდოღანმა.
გუშინ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელ კოენმა თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების ბრძანება გასცა. მისი თქმით, "აუცილებელია კავშირების გადახედვა".
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.